დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება. ქართველთა მეფე ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული და ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან ანუ 1917 წლიდან აღნიშნავენ.
მეფე თამარის სახელი იმდენად დიდი პატივისცემით სარგებლობდა, რომ მეზობელი ქვეყნების მმართველები მას ერთგულებას ეფიცებოდნენ. მაგალთად, შირვანის შაჰის დასახმარებლად – თამარის ძლევამოსილმა ლაშქარმა დიდი ბრძოლა გადაიხადა ქალაქ შამქორთან.
როდესაც ევროპელმა ჯვაროსნებმა დაიპყრეს ბიზანტია და ლათინთა იმპერია დააარსეს, ამით ისარგებლეს თურქ-სელჩუკებმა და შავის ზღვის სამხრეთ ნაპირას მდებარე ბიზანტიის კუთვნილი მიწების ხელში ჩაგდება მოინდომეს. თამარმა თურქებს არ მისცა ამ მხარის დაპყრობის საშუალება, იქ ბიზანტიის მემკვიდრე სახელმწიფო – ტრაპიზონის იმპერია დააარსა და ტახტზე თავისი ნათესავი, ბიზანტიის იმპერატორთა ჩამომავალი ალექსი კომნენოსი დასვა. ამ ნაბიჯით მან ჩვენს ქვეყანას უშუალო მეზობლად კეთილგანწყობილი და ძლიერი, ამასთანავე, მაღალი კულტურის მქონე პოლიტიკური მოკავშირე შესძინა. თამარის მეფობის დროს ქვეყანა ძლიერ აღორძინდა – მან ააშენა ეკლესიები და შეამკო უამრავი წმინდა ხატებითა და ძვირფასი ხელნაწერებით. ააგო თავშესაფრები და საავადმყოფოები სნეულთა და მოხუცთათვის, გაიყვანა გზები, ხიდები და სარწყავი არხები. ხალხი დაცულად გრძნობდა თავს. თამარმა სიკვდილით დასჯაც კი გააუქმა.