ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. მინისტრმა ფარმაცევტული და კლინიკური სფეროს წარმომადგენლებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, იაფი და ხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდა, რამაც მოსახლეობას წამლებთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა. მისი განმარტებით, 2022 წლის მარტი -აპრილის მონაკვეთში, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა, რაშიც 35 მილიონი ლარით ნაკლები გადაიხადა. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ფარმაცევტულ სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში მოქმედი ყველა ფარმაცევტული საწარმო და საბითუმო დისტრიბუტორი GMP/GDP სტანდარტზე უნდა გადავიდეს. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, DRG-ის პილოტური პროექტი დაიწყო.
რა არის DRG მეთოდი?! 1980-იან წლებამდე მთელ მსოფლიოში საავადმყოფოები ფინანსდებოდნენ ფაქტობრივი, წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯების მიხედვით, ანუ დამფინანსებელი მხარე საავადმყოფოსთან წინდაწინ არ ათანხმებდა ჩასატარებელ სამედიცინო მომსახურების მოცულობას, ფასს. აღნიშნული კატასტროფულად ზრდიდა ჰოსპიტალურ ხარჯებს. ამას თან ერთვოდა ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ჯანდაცვის სფეროში არსებული მზარდი ინფლაცია. 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ის ყველაზე დიდი სახელმწიფო პროგრამა Medicare (ასაკოვან ადამიანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა) გარდაუვალი გაკოტრების წინაშე დადგა. პრობლემის გადაჭრის მიზნით, 1983 წელს რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო იელის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტების მიერ შეთავაზებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (Diagnosis-Related Groups – DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი.
ახალი მეთოდი გულისხმობს საავადმყოფოს დაფინანსების რადიკალურ რეფორმირებას. საავადმყოფოს მიერ პაციენტისთვის გაწეული მკურნალობის ნებისმიერი, ფაქტობრივი ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, ახალი მოდელით საავადმყოფოების დაფინანსება ხორციელდებოდა პაციენტების დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი და განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით.
აღნიშნული სისტემა, ქართულ კლნიკებში, 2022 წლის ბოლომდე, ყველა კლინიკაში ამოქმედდება.
კლინიკებში დაფინანსების ახალი სისტემა – DRG-ის მეთოდი დაინერგება
