კანადური კომპანია ტურისტებს ვერტმფრენით გასეირნების სერვისს სთავაზობს. ისინი მოქალაქეებს ამ ეტაპზე ორი ვერტმფრენით ემსახურებიან. ვერტმფრენი ახალ ბულვარში არსებულ პირსზე დგას დილიდან საღამოს 7 საათამდე. საღამოს 8 საათიდან კი ვერტმფრენებს ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე აჩერებენ.
კომპანიაში ამბობენ, რომ გასეირნებისთვის მსურველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ, დეტალურ ინფორმაციას კი ადგილზე მიიღებენ.
ბათუმის სანაპიროზე ვერტმფრენით გასეირნება 3-4-6 და 10 წუთით არის შესაძლებელი. ფასებიც შესაბამისია, მაგალითად, 10 წუთით გასეირნება 850 ლარი დაგიჯდებათ, მიუხედავად იმისა ვერტმფრენში ერთი კაცი ჩაჯდება, ორი, თუ მაქსიმუმ ხუთი. კომპანიაში გვითხრეს, რომ უშუალოდ ბათუმის [ქალაქის] თავზე ფრენა აკრძალულია, თუმცა სანაპირო ზოლიდან მთელი ქალაქი ჩანს ზემოდან.
მსურველებს ვერტმფრენით სხვადასხვა ტურებსაც სთავაზობენ ბათუმიდან: ქობულეთი [ფრენა 20 წუთი, ბათუმი-ქობულეთი-ბათუმი], ქედა, ხულო, გოდერძი [60 წუთი], ბეშუმი, ბახმარო [60 წუთი], ქუთაისი, ზუგდიდი, მესტია [150 წუთი].
ფასები 700 აშშ დოლარიდან [ექვივალენტი ლარში, ქობულეთის ტური] იწყება და 5250 დოლარამდე ადის [ექვივალენტი ლარში, მესტიის ტური].